5 მარტს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში იმუნიზაციის და ვაქცინოლოგიის ასოციაციის (AIVA) ორგანიზებით ვორქშოფი ჩატარდა. ღონისძიების ძირითადი მიზანი წითელას ინფექციისა და წითელას აცრის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო. ვორქშოფი ორი ნაწილისგან შედგებოდა. თავდაპირველად ასოციაციის პრეზიდენტი, დტსუ-ს სტუდენტი თამარ რატიშვილი სტუდენტებს წითელას, მისი გავრცელების და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. შემდეგ სტუდენტებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ, ვიქტორინის ტიპის „გათამაშებაში“. სპეციალურ სტენდებთან სტუდენტებმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით მარტივ და რთულ კითხვებს უპასუხეს. სწორი პასუხების ავტორებს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცათ (ბრენდირებული ჩანთები, მეხსიერების ბარათები, მაისურები და სხვა). ვორქშოფში მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა მიიღო.