დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო, 2020 წლის 30 ივლისს აღინიშნა.
წლევანდელი გამოსაშვები საღამო უჩვეულოდ განსხვავებული იყო. ღონისძიებას,რომელიც ყოველთვის მასშტაბურობითა და მეტი მხიარულებით გამოირჩეოდა, წელს ნაკლებად პომპეზური ხასიათი ჰქონდა.
სამწუხაროდ, მიმდინარე წელს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გამოაკლდენენ დავით მარგიანი და მარიამ ხააძე, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში,
ღონისძიების მსვლელობისას, ასევე წუთიერი დუმილით გავიხსენეთ კორონავირუსის პანდემიის დროს გარდაცვლილი სამედიცინო პერსონალი. ადამიანები, რომლებმაც პაციენტების სიცოცხლისთვის, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეასრულეს პროფესიული საქმიანობა.
საღამოს უძღვებოდნენ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები, ირინკა გობეჯიშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.
კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარსდგნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბ-ნ ლევან ტვილდიანი და დეკანი, ქ-ნ ნინო ბრეგვაძე.
ტრადიციულად, რექტორის მიერ, წელსაც დასახელდა დამამთავრებელი კურსის საუკეთესო სტუდენტი. აღნიშნული ნომინაცია ავთანდილ ქოჩიაშვილს ერგო . გამარჯვებულს „რექტორის რჩეული“ ჯილდო და ფულადი პრიზი გადაეცა.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოთქვეს „ჰიპოკრატს ფიცი“ დასტურად იმისა, რომ ემსახურებიან ცხოვრებაში ყველაზე ჰუმანურ საქმეს, რაც ძალიან დიდ შრომასა და თავდადებას მოითხოვს თითოეული ექიმისგან, კურსდამთავრებულებმა დადეს ფიცი რომ მუდამ იზრუნებენ პაციენტის ჯანმრთელობაზე და ადამიანთა სიცოცხლეზე.
მათ გადაეცათ სერთიფიკატები და გულსაბნევები საიდენტიფიკაციო ნომრითა და დავით ტვილდიანის ხელმოწერით.
უკვე მეხუთე წელია, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, თავიანთი შეხედულებისამებრ ასახელებენ სწავლის 6 წლის მანძილზე საუკეთესო ლექტორს ბაზისური და კლინიკური კურსიდან.
2020 წლის გამოსაშვები კურსის მიერ, ბაზისური კურსის საუკეთესო ლექტორად დასახელდა - თამარ კეზელი, ხოლო კლინიკური კურსის საუკეთესო ლექტორად დასახელდა - თინათინ გაგუა.
ღონისძიების მსვლელობისას, უნივერსიტეტის დეკანმა, ქ-ნ ნინო ბრეგვაძემ მადლობა გადაუხადა COVID-19 ყველაფერი კორონავირუსზე ვებ პორტალის შემქმნელ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს რომლებიც თავიანთი დაუზოგავი შრომითა და მუშაობით აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მოქალაქეებისა და სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში. ისინი სთავაზობენ მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას ახალ კორონავირუსზე და მის მიერ გამოწვეულ დაავადებებზე.
გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით წარსდგნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები: ავთანდილ ქოჩიაშვილი, ანა მეტრეველი, მარიამ ნიკოლაიშვილი, ანა ხაზარაძე, თამარ ჩომახიძე და ვედიკა სეთი. მათ უნივერსიტეტისადმი მიძღვნილ სიტყვაში დიდი სიამაყით აღნიშნეს , რომ დაამთავრეს საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში.
ასევე დაგვპირდნენ რომ:- “ სულ რამოიდენიმე წელიწადში ჩვენი პროფესიული წარმატების შესახებ გაიგებთ და იამაყებთ, რომ თქვენი სტუდენტები ვართ“.
ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი ჰიმნის „Gaudeamus igitur“ შესრულებითა და ქუდების აყრით დასრულდა.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს.