2016 წლის 8-10 დეკემბერს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, ჩატარდა ერნსტ-კლენკის რიგით 32-ე სიმპოზიუმი მოლეკულურ ბიოლოგიაში (on „Precision oncology: Translating basic discoveries into patient survival”), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტებმა: ავთანდილ ქოჩიაშვილმა, ანა მეტრეველმა, თამარ ჩომახიძემ და ნიკოლოზ მიქელაძემ.
სიმპოზიუმის მთავარი ორგანიზატორი გახლდათ დებორა გროსკოფ-კროიჰერი (კიოლნის უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო კოორდინატორი), ხოლო თავმჯდომარეები იყვნენ პროფესორები: ქრისტიან რეინჰარდი და რომან თომასი.
კლენკის ყოველწლიური სიმპოზიუმი არის ბიოსამედიცინო სამეცნიერო შეხვედრა კიოლნის უნივესიტეტში, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ექიმები და სტუდენტები. სიმპოზიუმის სახელი უკავშირდება გამოჩენილ გერმანელ ლიპიდ-ბიოქიმიკოსს, ერნსტ-კლენკს.
კლენკის 32-ე სიმპოზიუმის მთავარი მიზანი იყო პრეზენტაცია გენეტიკური მუტაციების გავლენისა სიმსივნეებზე და ამ აღმოჩენების გამოყენება მკურნალობასა და თერაპიაში. სიმპოზიუმის ძირითადმა ნაწილმა ზეპირი მოხსენებების ფორმატით ჩაიარა. ცალკე სესიად ჩატარდა პოსტერების პრეზენტაცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი პოსტერი.
სიმპოზიუმის მოწვეული სტუმარი გახლდათ ჩარლზ სვენტონი, რომელმაც წაიკითხა კონფერენციის მთავარი ლექცია სიმსივნეების ჰეტეროგენულობასა და ევოლუციაზე. მან ასევე ისაუბრა რეპლიკაციური სტრესისა და მუტაგენეზის მექანიზმებზეც.
დტმუ-ს სტუდენტები ესაუბრნენ სიმპოზიუმის ორგანიზატორ დებორა გროსკოფ-კროიჰერს და მადლობა გადაუხადეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის ჩვენს უნივერსიტეტთან. ქ-ნმა დებორამ კი სურვილი გამოთქვა მომავალ წლებში დტმუ-ს სტუდენტების კვლავ მონაწილეობაზე სიმპოზიუმში.